გულის შეტევას ძლივს გადავურჩი ეს სურათი რომ ვნახე – დიდთოვლობის შედეგებზე იმერეთში “მირიანის მარანი” წერს და ბაღდათიდან, სოფელ ფერსათიდან ვენახის ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებში ჩანს რომ ვაზის დიდი ნაწილი განადგურებულია.
“თოვლის საფარმა რომ დაიწია მაინტერესებდა თუ რა ზიანი ჰქონდა მიყენებული ვენახისთვის და გულის შეტევას ძლივს გადავურჩი ეს სურათი რომ ვნახე. 50% ვაზის ამ მდგომარეობაშია. ახალშენი და ნამყენი ვენახი ჯერ არ ჩანს თოვლის ქვეშ არის კიდევ რაც დავინახე არც იქ არის კარგი მდგომარეობა” – წერს სოციალურ ქსელში “მირიანის მარანი”
დიდთოვლობა იმერეთში თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. თოვლის საფარმა მაღალმთიან იმერეთში, ზოგიერთ ადგილას 2 მეტრს გადააჭარბა. გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ათეულობით სოფელი. თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად მოხალისეთა არაერთი ჯგუფი მუშაობდა.
იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო.