გუშინ, 4 აპრილს, მაღაროელებმა მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფო ჭიათურაში შექმნილი კრიზისის მოგვარებაში ჩაერთოს, ჭიათურაში წარმომადგნლები მიავლონოს და მშრომელების პოზიცია უშუალოდ მოისმინოს, რაც დღემდე არ მომხდარა.
ჭიათურაში კრიზისი 2024 წლის ნოემბრიდან გამწვავდა, მას მერე რაც კომპანიამ მაღაროები შეაჩერა. დაპირების მიხედვით მაღაროები მარტის თვეში უნდა გახსნილიყო, თუმცა მაღაროს 3500-მდე დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო შეტყობინება.
36 დღეა, მაღაროელები უმუშევრობასა და უხელფასობას აპროტესტებენ.
დღეს საკრებულოს სხდომას აქციის რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო. სხდომაზე “ჭიათურის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და მაღაროელების პროტესტი” განიხილებოდა.
საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები და სოფელ ზოდიდან ჩასული მოქალაქეები არ შეუშვეს. საკრებულოს აპარატის უფროსმა მიზეზად გადაჭედილი დარბაზი დაასახელა.