ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება – ოქროს ფასი დამატებით 3.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 4,180 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 55%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 12.5%-ს აღწევს.
აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 20%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი 1,600 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 63%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით და სავაჭრო ომის ესკალაციით ემუქრება. ამ განცხადების ფონზე, ინვესტორები ფიქრობენ, რომ აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბება, რაც ოქროს, როგორც სადაზღვევო აქტივის, გაძვირებას გამოიწვევს.
Discussion about this post