პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთში საწარმოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების დროებით გარე მართვაში გადაცემის საშუალებას იძლევა. ეს მექანიზმი შესაძლოა ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, აქტივების მფლობელები ვერ უზრუნველყოფენ დაცვის ადეკვატურ დონეს.
დოკუმენტში კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის პოტენციურ საფრთხეებს შორის პირდაპირ არის მითითებული დრონების თავდასხმები. ამავე დოკუმენტით, გადაწყვეტილება ეხება იმ ობიექტებს, რომელთა სტაბილურ ფუნქციონირებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო საქმიანობისთვის.
რუსეთის კანონმდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოების მფლობელებს ავალდებულებს, თავად უზრუნველყონ უსაფრთხოება ან გააფორმონ ხელშეკრულებები კერძო დაცვის კომპანიებთან. ახალი განკარგულება კი ხელისუფლებას აქტივების მართვის გადაბარების უფლებას აძლევს, თუ მფლობელის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად მიიჩნევა. ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ მექანიზმს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებზე ეფექტური სახელმწიფო კონტროლის დასაწესებლად, რისი საბაბიც მათი დაცვის გაძლიერებაა.
განკარგულება „რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ გუშინ, 24 აგვისტოს გამოქვეყნდა და ითვალისწინებს, რომ დროებითი მმართველის ფუნქცია შესაძლოა სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ შეასრულოს. თუმცა, პუტინის ცალკეული ბრძანებულებით, ამ პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნაც არის შესაძლებელი. დროებით მმართველს კომპანიის აქტივებზე ფართო უფლებამოსილებები მიენიჭება. კერძოდ, მას შეეძლება განკარგოს უძრავ-მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და წილები საწესდებო კაპიტალში, ასევე გამოიყენოს ყველა ის უფლება, რომელიც, როგორც წესი, მფლობელს ეკუთვნის.
🔻 განკარგულება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიაკუთვნებს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებსა და სამრეწველო ობიექტებს. ახალი პროცედურა შესაძლოა გავრცელდეს კავშირგაბმულობის ობიექტებზე, კომუნალურ მეურნეობებზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპლექსებზეც. დოკუმენტი ასევე მოიცავს სხვა ობიექტებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო სამსახურების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

Discussion about this post