ჩინეთის ხელისუფლება ტიბეტში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების დამალვას ცდილობს . ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის კადრები, რომლებიც მსოფლიომ იხილა, ჩინურ ინტერნეტსივრცეში თითქმის აღარ იძებნება. BBC აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ სტიქიიდან მხოლოდ ერთი კადრი აჩვენა. გადარჩენილების ისტორიები, შედეგების ამსახველი ვიდეომასალა და დაკარგული ადამიანების ახლობლების მონაყოლი კი ჩინურ მედიაში პრაქტიკულად არ იძებნება.
🔻 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია International Campaign for Tibet აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება სოციალური ქსელებიდან თვითმხილველთა ვიდეოებსა და პოსტებს შლის, უცხოელ ჟურნალისტებს კი ოფიციალური ნებართვის გარეშე ტიბეტში თავისუფლად შესვლა ეკრძალებათ. მედიის მონაცემებით, პეკინმა შესაძლოა ინფორმაცია ამ რეგიონის პოლიტიკური სენსიტიურობის გამო შეზღუდა. ამავდროულად, ჩინეთი მასშტაბურ სამაშველო ოპერაციას ატარებს. სი ძინპინმა საგანგებო თათბირი ჩაატარა, ხოლო პრემიერმინისტრი ლი ციანი პირადად ჩავიდა ადგილზე სტიქიის ზონაში.

Discussion about this post