ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელია დაკავებული . ინფორმაციას ადგილობრივი მედია “გურია ნიუსი” ავრცელებს და მოკლულის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალს ცივი იარაღით 60-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
“სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აღუწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე. ჩვენ მწუხარება ცოტათი შემსუბუქდება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება….მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი“ – ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე.
“ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებს” – წერს მანანა გირკელიძე.
მკვლელობა სოფელ ნასაკირალში 28 აგვისტოს მოხდა. დანაშაულში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Discussion about this post