მთავრობა არასრულწლოვანებისთვის სქროლზე დგომის რეგულირებას გეგმავს. ინფორმაციას BMG 2026 წლის პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში. მათივე ცნობით, ახალი ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოკლე განმარტების თანახმად, ცვლილება ძირითადად არასრულწლოვანებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა.
💬 “ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს. საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

Discussion about this post