ელექტროტექნიკის მაღაზიის 8 ფილიალის გაქურდვის ბრალდებით ბრიტანეთში 27 წლის ქართველი დააკავეს .დიდ ბრიტანეთში, სუონსის სამეფო სასამართლომ ლონდონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, ილია პაჭკორიას, 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელ Currys-იდან 19 000 ფუნტ სტერლინგზე მეტის ღირებულების ნივთების ქურდობა.
პაჭკორიამ 10 დღის განმავლობაში 8 ქურდობა ჩაიდინა უელსის, დევონისა და კორნუოლის რეგიონებში მდებარე Currys-ის ფილიალებში (მათ შორის ტორკიში, პენზანსში, ტრუროში, პლიმუთში, ბარნსტეპლში, კარმარტენსა და ჰავერფორდუესტში). ბრალდებული ორ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. მოპარული ელექტროტექნიკის საერთო ღირებულებამ 19,000 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა. მოსამართლე ჰიუ რიზმა პაჭკორიას ქმედებას „წინასწარ დაგეგმილი, სისტემატური და უტიფარი“ უწოდა.
პატიმრობის გარდა, მოსამართლის ბრძანებით, პაჭკორიას 10 წლის განმავლობაში აეკრძალა ინგლისსა და უელსში მდებარე Currys-ის ნებისმიერ მაღაზიაში შესვლა. აღნიშნული დანაშაული მან 2025 წლის სექტემბერში ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის გამოტანილი პირობითი სასჯელის მოქმედების პერიოდში ჩაიდინა.

Discussion about this post