არასრულწლოვანი, რომელიც 50 წლის კაცის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს . დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას,რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
💬”სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე | ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობა რუსთავში 5 ივნისს მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის კაცმა არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა და ბავშვი თავს იცავდა. დანაშაულის იარაღი სამზარეულოს დანაა. ოჯახის წევრების თქმითვე არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის აზერბაიჯანიდან იყო ჩამოსული და რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა

Discussion about this post