“დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი. თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დათოს მკვლელობის საქმეს – ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება. ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე და მინდა იცოდეს, რომ დაცვის მხარის ყველა სტრატეგია მაქვს გაანალიზებული და პასუხი ყველაზე ერთია: ვერ გამოძვრება! მშვიდობიანი ღამე ყველას“ – წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ოჯახის წევრი.
10 სექტემბრის გამთენიისას თბილისში 17 წლის დავით ნარიმანიძე ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
“ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა, ისინი პირველად სწორედ იმ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ. ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა 10 სექტემბრის გამთენიისას, რა დროსაც რამდენიმე ბიჭი შემთხვევით შეხვდა სამწვადის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ბრალდებულმა მათ სიგარეტი სთხოვა, მათ უპასუხეს, რომ არ ჰქონდათ, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და უთხრა რომ მათი ტონი არ მოეწონა, თუმცა, ბიჭებს შორის ურთიერთობა დამშვიდდა, ის თავის სუფრაზე მიიწვიეს და სადღეგრძელოს დალევა შესთავაზეს, რა დროსაც ბრალდებული მათ გამოელაპარაკა, ამის შემდეგ მან შენიშნა, რომ სუფრასთან თავისთვის იჯდა, არც კონფლიქტში ერეოდა და არც საერთო საუბარში, დაზარალებული და აწ უკვე მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დავით ნარიმანიძე, რა დროსაც მას ბრალდებულმა შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე, რაც მას პირად უპატივცემლობად მიაჩნდა. ნარიმანიძემ მას უპასუხა, რომ ფეხი სტკიოდა და ფეხზე ვერ დგებოდა, რამაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაღიზიანება გამოიწვია, უთხრა, რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო და თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში დამდგარიყო. დავით ნარიმანიძე იძულებით, მის გვერდით იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა, მოშორებით, ცალკე გასვლა. მოკლული და ბრალდებული ცალკე გავიდნენ, გასვლისთანავე მას ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღის – დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით დაბრუნდა და ჩაბარდა აღიარებით“ – განაცხადა პროკურორმა საქმის დეტალებზე საუბრისას.

Discussion about this post