“ჩვენს თაობას მშვიდობაზე საუბარი წიგნებიდან და ფილმებიდან არ უსწავლია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ გამოიარა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, დევნილობა, ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის ომი. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობა აბსტრაქტული სიტყვა არ არის. მშვიდობა არის ცხოვრების გზა, როდესაც შენ მომართული ხარ, იპოვო, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთად ცხოვრების, თანაარსებობის ყველა მხრივ მისაღები ფორმა, ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. დრო გადის. მოდიხართ თაობა, რომელსაც პირადად არ გამოუცდია ის რეალობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში გაგვაჩნდა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვშრომობთ – რომ ახალ თაობას ომის გამოცდილება არ ჰქონდეს.
ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდობის გამოცდილებაც გადავცეთ. მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარი, რომ რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე. უნარი, რომ განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარი, რომ პროვოკაცია სიმამაცედ არ ჩათვალო და უნარი, რომ სხვისი ინტერესისთვის საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩააგდო. და რაც ყველაზე რთულია, მშვიდობა არის უნარი, რომ მტრად ქცეულ ადამიანთან ერთ დღეს ისევ საუბარი შეძლო
…. სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაც სწორედ აქ იწყება – გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრო არა იმაზე, რამდენად ხმამაღლა ჟღერს შენი სიტყვა დღეს, არამედ რა შედეგს მოუტანს ის შენს ქვეყანას ხვალ. ამიტომ, მშვიდობის პოლიტიკა არ არის უმოქმედობა და მით უმეტეს, სისუსტე. მშვიდობას ზოგჯერ უფრო მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვიდრე დაპირისპირებას…
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს დარღვეულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონები ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს კი ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა უნდობლობა, ტკივილი და გაუცხოება. ამ გაგებით ჩვენ ისევ ომის მდგომარეობაში ვართ. ომს კი ომით ვერ მოვერევით.
ჩვენი ამოცანა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა ადამიანების დაბრუნებაც. აფხაზებსა და ოსებთან შერიგება ვერ მოხდება მხოლოდ დოკუმენტით, ხელმოწერით ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით. ნამდვილი შერიგება დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანები კვლავ შეძლებენ ერთმანეთის დანახვას როგორც ადამიანების, რომლებსაც საერთო წარსული ჰქონდათ და საერთო მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. და სწორედ აქ არის თქვენი თაობის განსაკუთრებული როლი. თქვენ არ ხართ ვალდებული, მემკვიდრეობით მიიღოთ წინა თაობების მტრობა. თქვენ უნდა იცოდეთ წარსული, მაგრამ არ უნდა გახდეთ მისი ტყვეები. უნდა გახსოვდეთ უსამართლობა, მაგრამ ამ მეხსიერებამ ახალი უსამართლობისკენ არ უნდა გიბიძგოთ. უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა ისე, რომ მისი ინტერესის დაცვა სხვის სიძულვილს არ საჭიროებდეს“ – განაცხადა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

Discussion about this post