რუსეთის სპორტული ტანვარჯიშის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ნიდერლანდებმა ვიზა არ მისცა – ამის შესახებ რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
“9 ოქტომბრის მდგომარეობით, ვიზების გაცემის ვადების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გუნდის გაფრენა დაგეგმილია 11-12 ოქტომბრის ღამეს. ვიზების გაცემის შემდგომმა შეფერხებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს რუს ტანმოვარჯიშეებს, დროულად ჩავიდნენ შეჯიბრების ჩატარების ადგილზე მომზადების დასაწყებად“ – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნიდერლანდებში 17-დან 25 ოქტომბრამდე გაიმართება. ტურნირზე გათამაშდება პირველი გუნდური კვოტები 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის. მანამდე რუსეთის ნაკრებს მიენიჭა უფლება, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით გამოსულიყო.

Discussion about this post