საბერძნეთში თაღლითებმა 88 წლის ქალს 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ოქროს მონეტები და სამკაული გამოსტყუეს .ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სალონიკში 13 ოქტომბერს მოხდა – ხანდაზმულ ქალს უცნობმა კაცმა დაურეკა და უთხრა, რომ ელექტროგადამცემ ქსელში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროშოკით დაზიანების საფრთხე არსებობდა. რის გამოც, მედიის ცნობით, ქალი დაარწმუნეს, შეეგროვებინა ლითონის ყველა ნივთი და ბინის კარი ღია დაეტოვებინა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ უცნობი კაცის „რჩევა“ ქალმა გაითვალისწინა და მთელი თავისი ძვირფასეულობა – 4.75 მილიონი ევროს ღირებულების 4 766 ოქროს მონეტა და სამკაული ჩანთებში შეაგროვა. ჩანთების საერთო წონა 38 კილოგრამს შეადგენდა. ამის შემდეგ 88 წლის ქალი დაარწმუნეს, რომ ბინის ერთ-ერთ ოთახში დარჩენილიყო. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ მას ჩანთები ადგილზე აღარ დახვდა. ბერძნული მედიის ცნობით, მომხდარს საბერძნეთის პოლიცია იძიებს.

Discussion about this post