“სამწუხაროდ, რუსების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, არის ძალიან ბევრი დაზიანება, გრძელდება რუსული ოპერაცია ჩვენი ელექტროგენერაციის, ჩვენი ქსელებისა და ენერგოკავშირების წინააღმდეგ. რუსული „შაჰედების“ მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება ხერხდება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველასი არა. ბალისტიკასთან დაკავშირებით კი მდგომარეობა უფრო რთულია. ამ ღამით 17 ბალისტიკური რაკეტა იყო. ეს რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა „პეტრიოტების“ ასეთი დეფიციტია. მადლობელი ვარ სარემონტო ბრიგადების თითოეული წევრის, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩართულია სარეაბილიტაციო სამუშაოებში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას პროფესიონალიზმისა და სიმამაცისთვის. სამუშაოები საჰაერო განგაშების გამოკლებით შეუსვენებლად მიმდინარეობს, და მუდმივად ჩნდება ახალი საფრთხეები, ახალი დარტყმები. ამიტომ აღდგენას დრო სჭირდება. დნიპრო – სამწუხაროდ, დღის განმავლობაში და ახლა საღამოსაც განმეორებითი დარტყმები იყო. როგორც ენერგეტიკაზე, ისე კვლავ სადგურზე. სამწუხაროდ, დამატებითი ექსტრემალური გათიშვები გვაქვს. აღდგენისთვის ძალები და აღჭურვილობა გაგვაჩნია. კიევსა და ოლქში, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და სუმის ოლქებში – ყველგან უნდა იყოს ოპერატიული მუშაობა აღდგენისთვის. დღეს რუსული ბალისტიკა პოლტავის ოლქშიც ჩამოვარდა. კრემენჩუკი. სამიზნე ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა იყო. რუსებს ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. მუდმივად ხორციელდება ტერორისტული დარტყმები ჩვენს ქალაქებზე. ჩვენც მომავალში შესაბამისად და სრულიად სამართლიანად ვიმოქმედებთ” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

Discussion about this post