ბათუმში 58-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება . ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, ნონეშვილის N1-ში ზღვის სანაპიროსთან ახლოს. 217,50 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას შპს „კომუნა ჰოლდინგი“ გეგმავს, რომელმაც სამშენებლო მიწის ნაკვეთების ნაწილი კერძო მესაკუთრეებისგან მშენებლობისა და ქონების გადაცემის პირობით გამოისყიდა, ნაწილი კი აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით გადასცა
გამოცემის ცნობით, შეთანხმების თანახმად, კომპანიას საპრივატიზებო საფასური 1 მილიონ 326 912 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა მალევე მერიას მისი გადავადება მოსთხოვა, „დიდი ხარჯი მქონდა და ვერ გავწვდებიო.“ ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ვალის გადავადებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს წერდა:
„შპს კომუნა ჰოლდინგის“ მხრიდან მოხდა სოლიდური ხარჯების გაწევა საპროექტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ხდება მოსახლეობის ვადაზე ადრე გასახლება, რაც კომპანიის მხრიდან დაკავშირებულია დამატებით ხარჯების გაწევასთან. მათივე განმარტებით, შპს „კომუნა ჰოლდინგს“ უწევს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებამდე და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გარკვეული ფულადი სახსრების გაწევა. რის გამოც მერიას მიმართეს თხოვნით, მუნიციპალიტეტისათვის ჩასარიცხი თანხის ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდასთან დაკავშირებით“.
„მოვიდნენ დიდი ხნის წინ, მოვილაპარაკეთ, ქონება დაირეგისტრირეს და გაქრნენ, აღარ გამოჩენილან. რასაც გვპირდებოდნენ არ შეუსრულებიათ“, – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ კომპანიას ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში უჩივლა. „ვერ მოვლენ აქ, ვერ ააშენებენ“ – დაამატა მეორემ, თუმცა ღიად საუბარი არ ისურვეს: „სასამართლოში შევიტანეთ, მეტი რაა სალაპარაკო.“

Discussion about this post