საქსტატის ცნობით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის სექტორში საწვავის გაძვირებამ მოახდინა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 21.9%-ით გაიზარდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), ზეთი და ცხიმი (7%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1%), პური და პურპროდუქტები (4%), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1%-ით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4%);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8%), საშუალო განათლება (6.6%), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5%).

Discussion about this post