მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა .ინფორმაციას „სანდო წყარო“ ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს. ეგანა მაგამაროვამ, სასჯელი სრულად მოიხადა . რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა, რომლის ათვლაც დაკავების დღიდან – 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
სასტიკი მკვლელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა აითაჯის დედა და ბიძა დააკავეს. ასევე, ხელბორკილლები დაადეს ე.წ ქმრის ნათესავებსაც. გამოძიება ოჯახს ედავებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახმა 14 წლის გოგონა ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცზე, აზერ მამედოვზე, ფაქტობრივად, იძულებით გაათხოვა.
სასამართლო პროცესებზე დედა ბრალს არ აღიარებდა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ბიძას 3 წელი და 6 თვე.
14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის ოქტომბერში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მას ე.წ. ქმარმა ტყვია ზურგში ესროლა. აითაჯი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანს არასდროს სურდა ქმართან თანაცხოვრება და გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა დედამ და ბიძამ ის იძულებით უკან დააბრუნეს.

Discussion about this post