“ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1960-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, 1600-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი და 8 რაკეტა გაუშვა. რუსები ცდილობენ ისარგებლონ აქციებით და შეუტიონ ენერგეტიკასა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დარტყმები განხორციელდა ქვესადგურებზე ვინიცის, კიროვოგრადის, რივნეს, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. სამწუხაროდ, ბევრი დარტყმა მიაყენეს საცხოვრებელ სახლებსაც. წუხელ ოდესაში რუსული დრონი მრავალსართულიან კორპუსს დაეჯახა. სამწუხაროდ, დაიღუპა ქალი. ზაპოროჟიეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საცხოვრებელ სახლებს შორის რუსული მართვადი ავიაბომბების ჩამოგდების ადგილზე. გარშემო არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის. დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათ შორისაა 14 წლის გოგონა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა შეძლო მისი ნანგრევებიდან გადარჩენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დარტყმით რუსეთმა დედამისი მოკლა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობელი და საყვარელი ადამიანები დაკარგა.
მადლობას ვუხდი ყველა სარემონტო ბრიგადასა და ჩვენს სამსახურებს, რომლებიც ამ თავდასხმების შედეგების ლიკვიდაციაში არიან ჩართულნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხალხს ყველგან დროული დახმარება ეწევა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის ცას იცავენ. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს. დამატებითი ფინანსური და თავდაცვითი პაკეტები, უპირველეს ყოვლისა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, გადარჩენილი სიცოცხლეებია. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება” -წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

Discussion about this post