როგორც შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია ღონისძიების მასშტაბურობით.
„საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის N657 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა აღნიშნული ღონისძიების გარკვეული ნაწილის ჩატარება. ღონისძიებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალურად განსაზღვრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწყობებში არსებული მარაგების გათვალისწინებით დაჭირდა გარკვეული დრო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მიმართვამდე საჭიროა ჩატარდეს გარკვეული ბაზრის კვლევა შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ რათა, მოწოდების ვადების გათვალისწინებით განისაზღვროს მათი სავარაუდო ღირებულებები ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულში ასატვირთად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვების პროცესის უფრო ადრე დაგეგმვა, ვიდრე ეს მოხდა, შეუძლებელი იყო“, – წერია დოკუმენტაციაში.
შესყიდვის მიხედვით, ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების მოწყობა თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში. თანხა კი საჭიროა გახმოვანებისა და მონიტორების უზრუნველსაყოფად თბილისში, თავისუფლების მოედანზე სინქრონული თარგმნითა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფისთვის, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოსაწყობად, სცენის შესაფუთად, შეიარაღების, აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენებისთვის, თბილისსა და რეგიონებში; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურებისთვის, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის, ავიაციის საჩვენებელი გამოფენისთვის; ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების გეგმა 15 აპრილს დაამტკიცა. როგორც შესაბამის განკარგულებაშია აღნიშნული, თბილისსა და რეგიონებში მოეწყობა თემატური გამოფენები, სპორტულ-გასართობი, თუ შემეცნებითი სივრცეები; ასევე დაგეგმილია, ფიცის დადების ცერემონია და კონცერტები საქართველოს მასშტაბით.