“დღეს საჰაერო ძალები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯარის ერთ-ერთი სახეობა. ეს არის ჩვენი თავდაცვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბევრ რამეში რეალურად განსაზღვრავს ამ ომის მიმდინარეობას. უკრაინელებს რუსებისთვის თავიანთი ცა არ დაუთმიათ და არც თმობენ. ეს არის ჩვენი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში. ჩვენ არ მივეცით ჩვენი საჰაერო ძალების განადგურების საშუალება და შევძელით მათი ისე განვითარება, რომ რუსეთი რეგულარულად კარგავს თვითმფრინავებს. ახლა, როდესაც პუტინის ერთადერთი და ბოლო ფსონი უკრაინის წინააღმდეგ მასიური დარტყმებიღა დარჩა, საჰაერო ძალები – ჩვენი საბრძოლო ავიაცია ანადგურებს რუსულ ფრთოსან რაკეტებს, ცდილობს გაანადგუროს ბალისტიკა და, როდესაც ჩვენი პატრიოტის დივიზიონები ცარიელი არ არის, ეს გამოსდით.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის წყალობით, ჩვენი „აირისები“, „ჰოკები“ და „ნასამსები“ მუშაობენ. ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით მათთვის რაკეტების მისაწოდებლად. მე მადლობელი ვარ, რომ მსოფლიოში პარტნიორები ამაში გვეხმარებიან. რა თქმა უნდა, ბალისტიკა რჩება პრობლემად, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყავით უკრაინის დაცვა დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტებისგან. დამრტყმელი დრონების ჩამოგდების მაჩვენებელიც 90%-ზე მეტია და ეს უკრაინის – ყველა ჩვენგანის, ყველა თქვენგანის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.
მადლობას გიხდით ყველას – აქ მყოფ თითოეულ თქვენგანს, უკრაინის ცის თითოეულ დამცველს, რომლებიც, ფაქტობრივად, უთანასწორო ბრძოლისა და ჩამოსაგდები საშუალებების ნაკლებობის მიუხედავად, დაუჯერებელ რამეებს აკეთებენ – მაქსიმუმზე მეტს აკეთებენ. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ ოსტატობა და დაამტკიცეთ: უკრაინელებს შეუძლიათ ნებისმიერი რამის გადალახვა და ამისთვის მხოლოდ იარაღი და სხვა საშუალებებია საჭირო. ვამაყობთ თქვენით. პატივს მივაგებთ ჩვენს ყველა გმირს, ვინც სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ უკრაინამ იცოცხლოს, ვინც დაგვიცვა და სამუდამოდ ცაში დარჩა“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Discussion about this post