აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის შემოღებული სავიზო შეზღუდვა გააუქმა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება.
ტრამპის ადმინისტრაციაში 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აკრძალვას იმით ხსნიდნენ, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ. The New York Times-ის ცნობით კი, სასამართლომ დაადგინა, რომ “სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ყოველგვარი დახმარების გარეშეც შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა”. კანონით კი თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ნუსხაში 75 ქვეყანას შორის დასახელებული იყო საქართველოც, როგორც „მაღალი რისკის“ მქონე სახელმწიფო, რომელთა მოქალაქეებისთვისაც საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

Discussion about this post