აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ .როგორც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა. გარდა ამისა, პროკურორმა ფარულ ვიდეოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა. ყაზარაშვილის თქმითვე, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა.
„არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მითუმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ, გაეფრთხილებინათ.
ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე. კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი? როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს?“ [იპნ] – განაცხადა ყაზარაშვილმა.
ბრალდებულ გივი გუდაძის ადვოკატი პროკურორის მოთხოვნას პატიმრობის თაობაზე არ დაეთანხმა და სასამართლოს 20 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. მისივე თქმით, არაპოპულარულ რამეს ამბობს, მაგრამ „ადამიანს როგორც სიცოცხლის ასევე, სიკვდილის უფლება აქვს“. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულ ქალს ნარკოტიკი მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კი გადასცა, მაგრამ „გარდაცვლილმა გადაწყვიტა რა დოზას მიიღებდა“. მეორე ბრალდებულის, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატმა პოზიცია არ დააფიქსირა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოს მიანდობდა
„როდესაც ეს ნარკოტიკული საშუალება მიიღეთ და ცუდად გახდით, რატომ არ მოიკითხეთ ის ადამიანები?” – მიმართა ყაზარაშვილმა ბრალდებულებს, თუმცა, მათ პასუხი არ გაუციათ.

Discussion about this post