უკრაინა და კანადა 100-წლიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, ხელმოწერილი დეკლარაცია ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანადა მომავალშიც „დააკმაყოფილებს უკრაინის ყველაზე გადაუდებელ სამხედრო საჭიროებებს და მხარს დაუჭერს ოპერაცია UNIFIER-ს, რომლის მოქმედების ვადაც 2029 წლამდე გაგრძელდა“. ასევე, კანადა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და გადამჭერების გადაუდებელ საჭიროებას, და უზრუნველყოფს წვრთნას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას“.
“ორივე ქვეყანა გააღრმავებს თანამშრომლობას დაზვერვის, კიბერდაცვის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ელექტრონული ჩახშობის სფეროებში, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან დაპირისპირებაში. კანადა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შესაქმნელად, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესია“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ კანადა და უკრაინა შექმნიან გრძელვადიან პარტნიორობას თავდაცვით მრეწველობაში უპილოტო სისტემების, დრონების საწინააღმდეგო საშუალებების, ელექტრონული ჩახშობის სისტემებისა და საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოებისთვის.

Discussion about this post