“„დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000 მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, სახლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე სიარულისას, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც დიდი ჯვარია ღვთისგან დადებული და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა და იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, რომელიც დაკრძალული იყო აფხაზეთში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და ალბათ, მე მახსენდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები – რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული, აფხაზებიც და ქართველებიც დამარცხდნენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, რომ ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება. მე ძალიან ვხარობ იმით, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს გვაერთიანებს, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების და აფხაზეთის მიმართ. და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ჯვართამაღლებას.
დღეს ჩვენ აღვასრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენიეთ ყველა, ვინც დაიღუპა ომში, აფხაზებიც და ქართველებიც. ასევე გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომარი ძმები და დები. ღმერთმა აცხონის მათი სულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველანი. ჯვრის ძალით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“ – განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

Discussion about this post