პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 94 პირს ბრალდება წარუდგინა – მათგან 7 საზღვარგარეთაა, 7 კი ციხეში . განცხადება უწყებამ თავად გაავრცელა:
“საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს” – წერს პროკურატურა
მანამდე დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი”

Discussion about this post