იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს . ინფორმაციას ადგილობრივი მედია Ladige ავრცელებს. იტალიის ფინანსთა პოლიციამ ბოლცანოს პროკურატურის კოორდინაციით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და შრომითი ექსპლუატაციის სქემა გაშიფრა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა, რომლებიც თანამემამულეებს საქართველოში იბარებდნენ და იტალიაში უკანონოდ ჩაყვანას უზრუნველყოფდნენ. პერსონალური მონაცემების გაყალბებითა და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით, 100-ზე მეტ ქართველ ქალს ევროკავშირის მოქალაქეებად ასაღებდნენ, რათა გვერდი აევლოთ უცხოელი მუშახელის დასაქმების კვოტებისთვის. გამოცემა წერს, რომ ოჯახების სანდოობის მოსაპოვებლად ჯგუფი მერანოში მოქმედ დასაქმების სააგენტოს იყენებდა. იტალიაში ჩასული ქალები მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ – ზოგს ართმევდნენ საბუთებს, გადაჰყავდათ ოჯახიდან ოჯახში მათი თანხმობის გარეშე და აიძულებდნენ, ხელფასის ნაწილი ე.წ. „შუამავლებისთვის“ გადაეხადათ.

Discussion about this post