ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე სამი წლით აეკრძალა საქმიანობის უფლება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა – ამის შესახებ კი ჟურნალისტს საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ აცნობა. როგავას თქმით, მანამდე პროკურატურას მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
რადიო თავისუფლებასთან როგავა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვას ელოდა, თუმცა ეს არ მომხდარა.
საქმის წინა პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე პროკურატურა დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. საქმე მისმა შემცვლელმა, ლაშა გამყრელიძემ გადაიბარა.
გურამ როგავა საქმის მასალებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“. მისი შეფასებით, საქმის დახურული განხილვით პროკურატურამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა.
“რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, – აცხადებს ჟურნალისტი.

Discussion about this post