დევნილთა კომპენსაციის პროგრამის ბიუჯეტი 60-დან 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამით თავდაპირველად დაახლოებით 6 ათასი ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმებოდა, თუმცა ფულადი დახმარების მიღების სურვილი თითქმის 40 ათასმა ადამიანმა გამოთქვა. წლის ბოლომდე დახმარებას დაახლოებით 11 ათასი დევნილი მიიღებს. პირველ ეტაპზე თანხა იმ პირებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც განაცხადები პირველივე დღეს შეიტანეს. დანარჩენი განმცხადებლების დაკმაყოფილება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.
“მომართვიანობა კომპენსაციის პროგრამაზე საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად, რესურსებიც იქნა სააგენტოსთვის გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ რესურსით შევძლებთ დაახლოებით 11 ათასი ადამიანის უზრუნველყოფას, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დარჩენილი 29 000 ადამიანი დაკმაყოფილდება.” | განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა.
დევნილებისთვის ერთჯერადი, 10 000-ლარიანი ფულადი დახმარების პროგრამა კობახიძემ ოქტომბერში გამოაცხადა. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული ბინა, ან შესაბამისი კომპენსაცია, სურვილისამებრ, 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა საშუალება მიემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ბინის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.

Discussion about this post