თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 2,24 მილიარდი ლარია – 46,4 მილიონით მეტი, ვიდრე 2026 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტი.
“ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, ტრანსპორტისთვის 117,9 მილიონით ნაკლებია გათვალისწინებული, ეკოლოგიისთვის კი – 5,4 მილიონით ნაკლები.
“საერთო მოცულობის ზრდის მიუხედავად, დაფინანსება ყველა მიმართულებას არ ემატება. ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ავარიული შენობების მიმართულების დაფინანსება იზრდება, ყველაზე დიდი შემცირება კი ტრანსპორტს ეხება. 5,4 მილიონი ლარით ნაკლებია გათვალისწინებული ეკოლოგიური მიმართულებისთვის, რომელიც ქალაქის გარემოსდაცვით საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.
2027 წლის პროექტში, ისევე როგორც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში, ათი პრიორიტეტია გამოყოფილი. პირველ ადგილზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რჩება. მას ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავარიული შენობები მოსდევს, მესამეზე კი განათლებაა. ამ სამ მიმართულებაზე ჯამში 1,27 მილიარდი ლარი, მთელი პროექტის 56,5%, მოდის.
2026 წლის საწყის ბიუჯეტში პირველი სამეული განსხვავებული იყო: ტრანსპორტის შემდეგ მეორე ადგილზე ეკოლოგიური მიმართულება იყო, მესამეზე – ინფრასტრუქტურული ობიექტები. განათლება დაფინანსების მოცულობით მეოთხე ადგილს იკავებდა.
საკრებულოს კომისიებში პროექტის განხილვისას კონკრეტული სამუშაოებიც დასახელდა: სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია და სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება და მშენებლობა.
თანხობრივად ყველაზე დიდი ზრდა ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ავარიული შენობების მიმართულებას აქვს. 2027 წლის პროექტში მისთვის 362,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული – 56,7 მილიონით მეტი, ვიდრე 2026 წლის საწყის ბიუჯეტში. ამ მიმართულების წილი მთლიანი ბიუჯეტის 13,9%-დან 16,2%-მდე იზრდება.
ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას 37,2 მილიონი ლარი ემატება და დაფინანსება 222,4 მილიონ ლარს აღწევს. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის 288,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული – 30,4 მილიონით მეტი, ვიდრე 2026 წლის საწყის გეგმაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის დაფინანსება 24 მილიონი ლარით იზრდება და 74,6 მილიონ ლარს შეადგენს. განათლებისთვის გამოყოფილი თანხა კი 303,3 მილიონიდან 324,9 მილიონ ლარამდე იზრდება. მატება 21,6 მილიონი ლარია, ხოლო განათლების წილი ბიუჯეტში 13,8%-დან 14,5%-მდე იმატებს. დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მეტი, ჯამში 14,2 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის.
ყველაზე დიდი შემცირება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ეხება. 2026 წლის საწყის ბიუჯეტში ამ მიმართულებისთვის 696,3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2027 წლის პროექტში კი 578,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული – 117,9 მილიონით ნაკლები. ტრანსპორტის წილი მთლიანი ბიუჯეტის 31,7%-დან 25,8%-მდე მცირდება, თუმცა დაფინანსების მოცულობით ის კვლავ პირველ ადგილზეა.
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის 309,3 მილიონი ლარია დაგეგმილი, 5,4 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2026 წლის საწყის ბიუჯეტში. ქალაქის გარემოსდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება ეს შემცირება კონკრეტულ პროგრამებს შორის და რა გავლენა ექნება დაგეგმილ სამუშაოებზე. მხოლოდ მიმართულების საერთო თანხა ამ კითხვებს ვერ პასუხობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების დაფინანსება 1,1 მილიონი ლარით მცირდება და 61,4 მილიონ ლარს შეადგენს. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა კი ერთადერთი პრიორიტეტია, რომლის დაფინანსებაც ორივე წლის დოკუმენტში უცვლელია – 3 079 500 ლარი. წარდგენილი პროექტი საბოლოო ბიუჯეტი არ არის. თბილისში დამკვიდრებული პრაქტიკით, მისი მოცულობა შეიძლება როგორც დამტკიცებამდე, ისე წლის განმავლობაშიც შეიცვალოს.” -წერს ფლანგვის დეტექტორი.

Discussion about this post