გარდაცვლილი სტიქაროსნის, 23 წლის თემურ ხადურის დედას გენ.პროკურორის მოადგილე შეხვდა . განცხადებას პროკურატურა ავრცელებს
“საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას” -წერს პროკურატურა
23 წლის თემურ ხადური დაკარგულად 2024 წლის 25 აგვისტოდან ითვლებოდა, მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.

Discussion about this post