გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში 1 069 სამართალდარღვევა გამოვლინდა – ამოღებულია 909 ე.წ. მანოკი . ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ყველაზე მეტი – 331 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. 233 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 – გურიაში, 98 – შიდა ქართლში, 68 – სამცხე-ჯავახეთში, 55 – ქვემო ქართლში, 53 – აჭარაში, 51 – მცხეთა-მთიანეთში, 22 კი – კახეთში. მათივე ცნობით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან ორ თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი.
უწყება წერს, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 909 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 70 ერთეულს შეადგენს.
მათივე ცნობით, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 64 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი, ირაო და ხოხობი. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, ასევე კურდღელსა და ტურაზე ნადირობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

Discussion about this post