ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი 5 წლის ბავშვის ოჯახი მომხდარის დეტალებს იხსენებს .როგორც ფორმულასთან ბავშვის მშობლები ამბობენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 5 წლის დანიელ ბაზაძე მუცლის ტკივილით შეიყვანეს. ექიმებმა მას აპენდიციტის ამოკვეთის გადაუდებელი ოპერაცია დაუნიშნეს და წინასაოპერაციო გამოკვლევები ჩაუტარეს. რამდენიმე საათში ექიმებმა მათ უთხრეს, რომ ბავშვს ტრაქეაში მილი ვერ მოარგეს და მდგომარეობა დამძიმდა. ოპერაციიდან 2 დღეში კი ექიმებმა მშობლებს დაურეკეს და უთხრეს, რომ ბავშვს გულის გაჩერების ეპიზოდები ჰქონდა და გარდაიცვალა. მშობლების თქმით, ექიმები მათ 5 წლის შვილთან რეანიმაციაში დარჩენის უფლებას არ აძლევდნენ. “მიწას უნდა მივაბარო ჩემი ერთადერთი შვილი, რომელსაც სიმწრით ვზრდიდი… ამ დაქცეულ ქვეყანაში რატომ უნდა გეშინოდეს ადამიანს ექიმთან მისვლის და ბრმა ნაწლავის ამოღების… გადაუღეს ბავშვს ყველაფერი და ფილტვები სუფთა აქვსო, არაფერი პრობლემა არ აქვსო, გაუკეთეს ანესთეზია, წამოიღო ნახველი და მერე გაარკვიეს თურმე…ერთი მილი მოსინჯეს, მეორე მილი მოსინჯეს, მესამე და ძლივს მივიდნენ იმ ზომამდე რომ ბავშვის ყელის შესაბამისი მილი მოერგოთ. ამასობაში ბავშვს ყელი შეუშუპდა და აღარ შეეძლო თავისით სუნთქვა, იმიტომ შეაერთეს აპარატზე. მე მინდა ამ დაქცეულ ქვეყანაში სამართალს მივაგნო და თუ ვინმე დამნაშავეა ჩემი შვილის ამ დღემდე მიყვანაში ყველამ აგოს პასუხი.” -ამბობს ფორმულასთან გარდაცვლილი ბავშვის მამა.
“საღსალამათი ბავშვი თავის ფეხით დადიოდა რენტგენზე, კატეზე, ყველაფრის გადასაღებად და იხვეწებოდა სახლში წამიყვანეო, მაგრამ ვერ წამოვიყვანე და მკვდარი მოვიყვანე აქ. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, რა გახდა მიზეზი იმის, რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ბავშვი – ზედმეტი ჰაერი ზედმეტი დოზა, ზედმეტი ნარკოზი თუ რა მოხდა?! […] 27-ში [ოქტომბერს] დილის 5-6 საათი იქნებოდა რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გულის გაჩერების ნიშნები აქვს თქვენს შვილს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდანო. 10 წუთის ინტერვალში დავრეკეთ და ბოდიში თქვენი შვილი გარდაიცვალაო” -ამბობს ბავშვის დედა.
🔻 მომხდარს ექიმთა რეგულირების სააგენტო და შსს იძიებენ.

Discussion about this post