რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში დაბომბეს სკოლის შენობა, რომელიც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა – დაარტყეს თავშესაფრის შენობასაც, არის მსხვერპლი .ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს
„ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საშინელი დარტყმა. დილიდან დაბის მიმართულებით ავიაბომბებით რამდენიმე დარტყმა განხორციელდა – სკოლაზე, რომელიც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა: იქ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ. ავიაბომბების პირველი დარტყმის შემდეგ განხორციელდა განმეორებითი დარტყმა კიდევ ცხრა ბომბით, თანაც უშუალოდ თავშესაფარზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. ამ დროის მონაცემებით, სამწუხაროდ, ცნობილია თვრამეტი დაღუპულის შესახებ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
დაშავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, გრძელდება ადამიანების ძებნა. ძალიან რთული ვითარებაა. ჩართულია სამხედრო ძალები, მაშველები და სპეციალური სამსახურები. რუსებს არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ, რომ კომიშუვახაში დარჩენილი ადგილობრივები ყოველკვირეულად სწორედ იქ იღებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს არ სურს არანაირი დეესკალაცია და არანაირი რეალური სამართლიანობა.
ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეიძლებოდა ეჩვენებინა, რომ მშვიდობის დაახლოება შესაძლებელია. ასეთი მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს იძლევა – რუსეთი შემდგომ მკვლელობებზე აკეთებს აქცენტს. ამას სჭირდება პასუხი, პასუხი მსოფლიოსგან. ძლიერი და მკაცრი. პასუხი რუსეთს. და მხარდაჭერა უკრაინას. საჭიროა სიცოცხლის დაცვა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!” – წერს ზელენსკი

Discussion about this post