დავით ფეიქრიშვილი, რომელიც გლდანის ციხეში მიღებული მძიმე დაზიანებების გამო თითქმის 3 კვირა ვივა მედში მკურნალობდა, დღეს გაწერეს და ციხეში დააბრუნეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
-“ჩვენთან იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე. დღეს პაციენტი გაეწერა და ეს ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. იცით, რომ იყო მრავლობითი დაზიანებები, მაგრამ ჩატარდა შესაბამისი კვლევები, შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ გავეცით შესაბამისი რეკომენდაცია და ეს [ციხეში მკურნალობის გაგრძელება] უკვე პენიტენციური დაწესებულების გადასაწყვეტია” -განუცხადა TV ფორმულას ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
12 ნოემბერს ფეიქრიშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს, სადაც შესაძლოა, პირველად ისაუბროს ციხეში მის წინააღმდეგ მომხდარ ძალადობაზე.
ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 22 სექტემბერს დააკავეს. 20 ოქტომბერს მრავლობითი დაზიანებებით დავით ფეიქრიშვილი გლდანის ციხიდან ვივა მედში გადაიყვანეს. ადვოკატისა და დედის ინფორმაციით, ფეიქრიშვილს ციხეში ვატო ყიფიანმა და ავთო ბილანიშვილმა [კაწრო] სცემეს. ისინი ამბობენ, რომ ყიფიანიც და ბილანიშვილიც იმ მიზნით დააკავეს და იმავე ციხეში შეასახლეს, სადაც ტყუპი ძმები იმყოფებიან. უფლებადამცველებისა და ოჯახის პოზიცია იყო, რომ ყიფიანი და “კაწრო” ფეიქრიშვილებისგან ტელეფონის კოდებს ითხოვენ, თუმცა რა ინფორმაციის მატარებელია ეს ტელეფონი, მათთვის უცნობია.

Discussion about this post