პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ომში მყოფ ქვეყანაში ეს უკვე მისი მეოთხე ვიზიტია. ამჯერად ის ლვოვს ეწვია, სადაც ომში დაჭრილი უკრაინელი სამხედროებისა და ვეტერანების სპორტულ შეჯიბრებას დაესწრო და ეტლით მოსარგებლეთა რაგბის მატჩს უყურა.
საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება Invictus Games – ომში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის პრინცმა ჰარიმ 2014 წელს დააარსა. წელს თამაშებზე დაახლოებით 500 მონაწილე დარეგისტრირდა. მათგან 60 ადამიანს შეარჩევენ, რომლებიც უკრაინას 2027 წელს ბირმინგემში გასამართ საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარადგენენ.
ჰარიმ უკრაინაში 2025 წლის აპრილში ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრი Superhumans მოინახულა, იმავე წლის სექტემბერში კიევში ვეტერანებს შეხვდა, ხოლო 2026 წლის აპრილში კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Discussion about this post