გერმანულმა სტარტაპმა კონტინენტური ევროპის ტერიტორიიდან ორბიტაზე პირველი კომერციული რაკეტა გაუშვა . კომპანია Isar Aerospace-ის განცხადებით, არქტიკულ ნორვეგიაში უპილოტო რაკეტა Spectrum-ის წარმატებული ორბიტალური გაშვების შემდეგ, ის თანამგზავრების ორბიტაზე განთავსების პროცესს სწრაფად გააფართოებს.
“კოსმოსში გაშვების შესაძლებლობების ნაკლებობა ამჟამად მთელი ინდუსტრიის უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორია“ – განუცხადა ჟურნალისტებს Isar-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა, დანიელ მეცლერმა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, შაბათს განხორციელებულ გაშვებას „ახალი ეპოქის დასაწყისი“ უწოდა.
ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხთა კომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ევროპის დამოუკიდებელმა წვდომამ კოსმოსში ახალი, მძლავრი იმპულსი მიიღო“.
Spectrum-მა ორბიტაზე ხუთი მცირე ზომის თანამგზავრი და ფრენისას ტექნოლოგიური ექსპერიმენტისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა აიტანა. ეს Isar-ის მეორე გაშვება იყო – 18 თვის წინ, იმავე ლოკაციიდან სტარტის აღებიდან მალევე, კომპანიის პირველი რაკეტა ზღვაში ჩავარდა და აფეთქდა. Isar-ში აცხადებენ, რომ წარმოებაში უკვე აქვთ კიდევ ხუთი რაკეტა და ახლა ყურადღებას ოპერაციების გაფართოებაზე ამახვილებენ, რათა მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. კომპანიის გრძელვადიანი მიზანი წელიწადში დაახლოებით 40 გაშვების განხორციელებაა.
თანამგზავრების გაშვების გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციებს ილონ მასკის SpaceX (რომელიც სტარტს აშშ-იდან იღებს) და ფრანგული კომპანია ArianeGroup (Airbus-ისა და Safran-ის ერთობლივი საწარმო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომს იყენებს) იკავებენ.

Discussion about this post