მოლდოვის პოლიციის ცნობით, 9 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ჩატარებული სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 8 ადამიანი.
გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყალბ პლატფორმებს – ქოლ-ცენტრებს. ამ ფიქტიური საიტების მეშვეობით ისინი იტყუებდნენ და იზიდავდნენ ფინანსურ ინვესტიციებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის მოქალაქეებისგან. წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ერთი ქოლ-ცენტრი ყოველთვიურად დაახლოებით 2 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა.
როგორც მოლდოვის პოლიცია ამბობს, უკანონო სქემაში ჩართული იყო ათეულობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ინდოეთის, კამერუნისა და ნიგერიის წარმომადგენლები.
დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ქოლ-ცენტრების საქმიანობის კოორდინაციაზე, პერსონალის შერჩევასა და დანაშაულებრივ სქემაში გამოყენებული კომპანიების ეკონომიკურ და საბუღალტრო ადმინისტრირებაზე.
რვავე დაკავებული პირი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ამოიღო დიდი ოდენობით ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, საბანკო ბარათები, ასევე სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები და სიცრუის დეტექტორი , რომლითაც დანაშაულებრივ ჯგუფში აყვანილ ახალ თანამშრომლებს ტესტავდნენ.

Discussion about this post